იდეების ლაბორატორია საქართველოს უნივერსიტეტში

18.02.2020
თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, სწრაფი და უსაზღვრო ინფორმაცია, სულ უფრო ახალი და წარმოუდგენელი იდეების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში სტუდენტებისთვის, და არა მარტო სტუდენტებისთვის იდეების ლაბორატორია Idealab-ი შეიქმნა.
 
„Idealab”-ი, ეს არის სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას, აბიტურიენტს, სტუდენტს შეუძლია მოიტანოს საინტერესო იდეა და მისი განხორციელებისთვის გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები. იდეების ლაბორატორიაში შექმნილია მოხერხებული სამუშაო სივრცე. ლაბორატორია აღჭურვილია ელექტრონული ინჟინერიის თანამედროვე აპარატურითა და  ინვენტარით. მსურველებს აქ დახვდებათ 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC დანადგარი, ოსცილოგრაფი, სიგნალების გენერატორები, მულტიმეტრები, Arduino და Raspberry მოდულები, სხვადასხვა ტიპის სენსორები. გვაქვს იმედი, რომ აქ შეიქმნება ძალიან საინტერესო პროექტები, სტუდენტები იმუშავებენ და გადადგამენ ნაბიჯებს მომავალი წარმატებული ტექნოლოგიებისაკენ, ვფიქრობთ, რომ აქ ნამდვილად ჩაეყრება საფუძველი მომავალ პროგრესს“, - ამბობს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი ნოსელიძე.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლას მჭიდრო კავშირები აქვს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტთან და აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის პროექტებში. ერთ-ერთი მათგანია Erasmus+ ფარგლებში დაფინანსებული პროექტი “გარემოს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების განვითარება MENVIPRO”.

 „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა მუდმივად ცდილობს დანერგოს და განავითაროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მტკივნეული თემაა გარემოს უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ჩაერთო ჩვენი უნივერსიტეტი აღნიშნულ პროექტში, რომლის ძირითადი მიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება გარემოს უსაფრთხოების მიზნით. ამ პროექტის ხელშეწყობით შევიძინეთ და მოვაწყვეთ თანამედროვე სამუშაო სივრცე, სადაც სტუდენტები პრაქტიკოსი მენტორების ხელმძღვანელობით რეალურ პროექტებზე იმუშავებენ. ჩვენი მიზანია სტუდენტს სწავლის პერიოდშივე გამოუმუშავდეს ისეთი უნარები, როგორიც გაზრდის მის პროფესიულ კონკურენტუნარიანობას. Idealab-ი, ისევე როგორც ჩვენი სკოლის სხვა ლაბორატორიები, მოწოდებულია, სტუდენტს მისცეს პროფესიული ზრდისთვის საჭირო საშუალებები. ჩვენი სკოლა სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს ინფორმატიკის, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით, როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო, ასევე სადოქტორო დონეზე“. გვიყვება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი, პროფესორი კახა თავზარაშვილი.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა იდეალაბში, არის Bionic Hand prosthetics. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ასობით ათასი დოლარი ღირს ისეთი მაღალტექნოლოგიური ხელის ან ფეხის პროთეზები, რომლებიც ადამიანის თავის ტვინის ან კუნთის მიხედვით ფუნქციონირებენ. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა შექმნეს ხელის პროთეზი ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც მტევანი აქვთ დაკარგული, თუმცა ბიცეფსი ან მაჯის კუნთი ჯერ კიდევ უმუშავებთ.  პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თუ  სპეციალურ myo armband-ს გაიკეთებს ადამიანი ხელზე და ჩაიცვამს ჩვენს ხელის პროთეზს, მას შეეძლება კუნთის დაჭიმვის მიხედვით აკონტროლოს პროთეზის თითების პოზიციები.

უფრო კონკრეტულად, ეს პროთეზი დამზადდა  3D  პრინტერზე idealab-ში, შიგნით ჩაყენებული იყო Servo ძრავები და მთავარი მართვის ბლოკი-Arduino და myo armband. მიოს სამაჯური ინფორმაციას გადასცემს არდუინოს, თუ რომელი კუნთი დაიჭიმა, შემდეგ არდუინო შესაბამის ძრავებს აამოქმედებს და თითები მოიხრება. საბოლოო ჯამში, ეს არის პროექტი, რომელიც ბევრად იაფია ვიდრე არსებული პროთეზები და მარტივი დასამზადებელია 3D პრინტერის მეშვეობით.
 
„მოხარული ვარ, რომ ჩემი არჩევანი საქართველოს უნივერსიტეტზე და კერძოდ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაზე შევაჩერე. ამჟამად მესამე კურსზე ვარ და ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტი საშუალებას მაძლევს ვიმუშავო უამრავ პროექტზე და განვავითარო ჩემი პრაქტიკული უნარები. კერძოდ, მსურს ვიმუშაო უსაფრთხოების ჭკვიან სისტემებზე, ვინაიდან ბოლო დროს ხშირია ხანძრები და ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ადამიანთა მსხვერპლი. ჩემი მიზანი სწორედ ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაჭრაა, რის საშუალებასაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა მაძლევს. სხვა არსებულ ლაბორატორიებთან ერთად, Idealab არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც შემიძლია მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები არსებული რესურსების მეშვეობით”, - ამბობს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი ნიკა ნოზაძე.